logo
ENG



გლდანის N8 ციხის 3 პატიმარს და ქუთაისი N2 ციხის 4 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

23 იან 202100:17
3 წუთის საკითხავი
 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სამ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა. განცხადებაში ნათქვამია, სამივე მათგანი ე.წ. უსიმპტომო პაციენტები არიან, ისინი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილი:

"ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში. ვინაიდან, მოცემული დაწესებულება არის დიდი ზომის, ამ ეტაპისთვის ტესტირება ჩატარდა N8 დაწესებულების ნაწილში, პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და ორ დღეში დასრულდება. დღეის მდგომარეობით, ტესტირება გაიარა 791-მა პატიმარმა, რომელთაგან სამს დაუდასტურდა covid-19. ინფიცირებული პირებიდან ორი ერთ საკანში მყოფი პატიმარი იყო, ხოლო ერთი - სხვა საკანში იმყოფებოდა. სამივე ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია გადაყვანილი. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო მათი თანამესაკნეები დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან მოთავსებულები. ისინი ყოველ 72 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდებიან, ხოლო ორ კვირაში კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას",-ნათქვამია განცხადებაში.

ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი ოთხ პაციენტს დაუდასტურდა. ისინი ინფიცირებული პირის კონტაქტები არიან. ინფიცირებული პატიმრების მდგომარეობა სტაბილურია:

"22 იანვარს covid-19 დაუდასტურდა N2 (ქუთაისის) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოთხ პატიმარს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა 12 იანვარს კოვიდდადასტურებულ პირთან და რომლებიც როგორც ინფიცირებული პირის კონტაქტები 12 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან დაწესებულების საკარანტინო სივრცეში. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. კერძოდ, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან, ყოველდღიური თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი და სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მონიტორინგი უტარდებათ",-ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

 

 


close დახურვა